ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 200 უდიდესი როკ-სიმღერის სია გამოაქვეყნა, რამაც მუსიკალურ სამყაროში დიდი გამოხმაურება და დისკუსია გამოიწვია. ჟურნალის რედაქციამ სიაში გააერთიანა ბოლო 26 წლის განმავლობაში შექმნილი ის კომპოზიციები, რომლებმაც როკ-მუსიკის ევოლუცია, მისი ჟანრობრივი მრავალფეროვნება და ახალი „ოქროს ხანა“ განსაზღვრეს.
სიის პირველ ადგილზე მოულოდნელად, თუმცა დამსახურებულად, ნიუ-იორკული ინდი-როკ ჯგუფის, Yeah Yeah Yeahs-ის 2003 წლის ჰიტი – Maps მოექცა. კრიტიკოსების შეფასებით, კარენ ოუს ემოციური ვოკალი ამ კომპოზიციას დაუვიწყარს ხდის და ამტკიცებს, რომ როკ-სიმღერას სულაც არ სჭირდება ზედმეტი ხმაური.
მეორე ადგილზე The White Stripes-ის Seven Nation Army, მესამეზე კი The Killers-ის Mr. Brightside დასახელდა.
,,როლინგ სტოუნის” ექსპერტები განმარტავენ, რომ 21-ე საუკუნეში როკი აღარ არის მხოლოდ კლასიკური გაგების მუსიკა. ის შეიცვალა, განიცადა მუტაცია და შეითავსა სხვადასხვა მიმდინარეობები – საცეკვაო გლამურიდან დაწყებული, უხეში პანკით, ფსიქოდელიური ჯემებითა და აკუსტიკური სთორითელინგით დასრულებული. სწორედ ამიტომ, ჩამონათვალში ვხვდებით ისეთ არტისტებსაც, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი და ბიონსე.
როგორც ყოველი მსგავსი მასშტაბური რეიტინგის გამოქვეყნებისას, მუსიკალურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში კამათი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. ფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოცემამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მძიმე როკისა და მეტალის გარკვეულ მიმდინარეობებს, ხოლო ტეხასური როკ-სცენის წარმომადგენლები რეიტინგიდან საერთოდ ამოვარდნენ. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს სია შესანიშნავი მეგზურია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, თუ როგორ ცხოვრობს და სუნთქავს თანამედროვე როკ-ენ-როლი.