“მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, ალბათ, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე. მეც, ალბათ, ნაწილობრივად ამას ვერ გავიგებდი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, სადაც მან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა პრეზიდენტობა არაპოპულარული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებასაც გულისხმობს.
„ეს არ არის ემოციური და სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. მართალი გითხრათ, სასიამოვნოს ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ჩემთვის გასაგებია. ერთ ჩემს ახლობელს ვეუბნებოდი, რომ მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, ალბათ, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ამ გადაწყვეტილებაზე. მეც, ალბათ, ნაწილობრივად ამას ვერ გავიგებდი. პრეზიდენტობა არის არა კომფორტი, არამედ ასეთ პირობებში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, როცა არ ელოდები, რომ საზოგადოება ამას დააფასებს. შეიძლება დააფასოს ან არა, მთავარია, რომ მე შინაგანად, ჩემი სინდისით, ჩავთვალე, რომ ასე იყო საჭირო. ვთვლი, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც საჭირო იყო ამ ქვეყნის დასამშვიდებლად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტლება დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ ამცნო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.