ავარიული კორპუსების მოსახლეობის ნაწილი, საფრთხის მიუხედავად, გამოსახლებაზე უარს ამბობს, ამის შესახებ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა, განაცხადა. “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” დასკვნის თანახმად, დედაქალაქში 650 მაღალსართულიანი კორპუსი ავარიულია.
“ავარიული კორპუსები 5 კატეგორიად დავყავით. აქედან მე-3 კატეგორიაში შემავალი კორპუსები გამაგრებას ექვემდებარება, ხოლო მე-5 კატეგორიის – დემონტაჟს. სამწუხაროდ, მე-4 კატეგორიაში შემავალ ავარიულ კორპუსებში ცხოვრება სახიფათოა და მოსახლეობასთან ვმართავთ მოლაპარაკებებს გამოსახლებაზე, მაგრამ მათი ნაწილი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობს და ბევრი წინააღმდეგობა გვხვდება. ასეთი კორპუსი თბილისში 15-ია” – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, მე-3 კატეგორიაში შემავალ ავარიულ კორპუსებს, ძირითადად, საძირკვლის პრობლემა აქვს. კერძოდ, სადრენაჟე, საკანალიზაციო და წყლის მილების მოუწესრიგებლობის გამო, წყალი დაგროვდა და საძირკველი დაზიანდა.
როგორც გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, 2015 წელს მერიამ უკვე 52 კორპუსი გაამაგრა. 2016 წელს 16 კორპუსის გამაგრება დასრულდა და, ამ ეტაპზე, 27-28 კორპუსზე მიმდინარეობს სამუშაოები. რამდენი კორპუსის გამაგრდება 2017 წელს, ეს წლის ბოლოს, ბიუჯეტის დაგეგმვის შემდეგ, გახდება ცნობილი.