სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანიის ფარგლებში, ვაშლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.
ტენდერის გამარჯვებული შპს KEPKA გახდა, რომელიც დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, KEPKA ერთ ცალ ვაშლს 26.9 თეთრად შეიძენს. კომპანია ვაშლის სამ ჯიშს: სემერენკოს, გოლდენსა და გრანისმიტს შეისყიდის.
შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო პირობების თანახმად, სამინისტროს ტენდერი 260 ათასი ერთეული ვაშლის შესასყიდად ჰქონდა გამოცხადებული. პრეტენდენტი უფლებამოსილი იყო შეეთავაზებინა შემსყიდველისთვის ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა ყოფილიყო.
ამასთან პირობების თანახმად, სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება, ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე.
რაც შეეხება მოთხოვნებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს, რომ ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები; საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას; მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე; მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, თბილისის 10-ვე საჯარო სკოლაში; სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი; მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში);
ასევე, მოწოდებული ვაშლი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად) მისაწოდებელი სურსათის (ვაშლის) შესახებ, წარმოადგინოს სურსათის (ვაშლის) ლაბორატორიული კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).