LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი პროდუქტების მიღება არ შეიძლება უზმოზე, თუკი კუჭი გაწუხებთ? – გიორგი ღოღობერიძე

1472
გიორგი ღოღობერიძე

რომელი პროდუქტების მიღება არ შეიძლება  უზმოზე იმ ადამიანებისათვის, ვისაც უკვე აქვთ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა სახის პრობლემები? საინტერესო თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

არსებობს პროდუქტები, რომლის მიღებაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება. თუმცა ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებზე ვრცელდება, ვისაც უკვე აქვს გარკვეული პრობლემები კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე ან ზოგადად კუჭ-ნაწლავზე. თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა ტიპის დაავადებები, ამ რჩევების გათვალისწინება დიდ შვებას მოგიტანთ. თუ ჯანმრთელი ხართ შეგიძლიათ რაც გინდათ მიირთვათ, სხვა შემთხვევაში კი გქონდეთ ინფორმაცია იმაზე, თუ რომელი საკვები არ არის რეკომენდებული უზმოზე.

ცხარე საკვები – თუ ჩვენ გვაწუხებს კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მაგალითად გასტრიტი, დისპეპსიები, ეზოგაფიტი, დუოდენიტი, წყლულოვანი კოლიტი ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და ა.შ, უნდა მოვერიდოთ უზმოზე ცხარე საკვების მიღებას. ცხარე საკვები დიდი რაოდენობით კაპსაცინს შეიცავს, ამიტომ შესაძლოა მან მუცლის არეში ტკივილი გამოიწვიოს. მინდა აქვე გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ცხარე საკვები კუჭის წყლულს არ იწვევს. მას შემთხვევათა თითქმის 80%-ში იწვევს ჰელიკობაქტერია პილორი, ან არასტეროიდები.

ტკბილეული – ძალიან ტკბილი სასმელი ან საკვები მშიერ კუჭზე არ შეიძლება. მაგალითად, უზმოზე არ არის რეკომენდებული შოკოლადის მიღება. როცა ადამიანი უზმოზე ძალიან ტკბილ საკვებს ან სასმელს იღებს, მისი პანკრეასი გამოყოფს ძალიან ბევრ ინსულინს, რათა სისხლში უეცრად მომატებული გლუკოზის დონე დაარეგულიროს. თუმცა ინსულინი იმდენია, რომ გლუკოზის ნორმის ქვემოთ დაწევას იწვევს და ადამიანს ჰიპოგლიკემიისაგან შესაძლოა ჰქონდეს თავბრუსხვევა და გონების დაბინდვა.

გამაგრილებელი სასმელები – თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა პრობლემები, მაგალითად გასტრიტი ან დუოდენტი, თქვენთვის კუჭში არსებული მარილმჟავა ისედაც პრობლემაა. გამაგრილებელი სასმელები კი შეიცავს ფოსფორმჟავას, რომელიც კიდევ უფრო ზრდის მჟავიანობას და დამატებით პრობლემებს ქმნის ამ მხრივ.

ძალიან ცივი სასმელი – კუჭის შიგნით საშუალო ტემპერატურა 37,6 გრადუსია, ძალიან ცივი, ყინულიანი სასმელის მიღებისას კი კუჭის სისხლძარღვები სპაზმურად იკუმშება და იწყება კუჭის იშემია. თუ გასტრიტი გაწუხებთ, მდგომარეობა კიდევ მძიმდება.

ციტრუსები – თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, უნდა მოერიდოთ ფოსფორმჟავის შემცველ ციტრუსებს უზმოზე. ისინი გამაგრილებელი სასმელების მსგავსად მარილმჟავას გამოყოფას კიდევ უფრო აძლიერებენ. თუ მაინც მიიღებთ ციტრუსებს უზმოზე, გააზავეთ მათი წვენი წყალში.

ყავა – კოფეინი ზრდის კუჭში მჟავიანობას. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს საყლაპავის ქვედა სპინქტერის მოდუნებას და ზრდის გასტროეზოფაგური რეფლუქსის ჩამოყალიბების რისკს. ჩემი აზრით, ყავა არა იმდენად აჩენს ამ დაავადებას, რამდენადაც ამწვავებს მის მიმდინარეობას.

არასტეროიდები – მშიერ კუჭზე არ შეიძლება მედიკამენტების ჯგუფის, არასტეროიდების მიღება. მაგალითად ისეთების, როგორებიცაა იბუპროფენი, კეტოროლაკი, ასპირინი, დიკლოფენაკი და ა.შ ეს მედიკამენტები ბლოკავენ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, კუჭი ვეღარ წარმოქმნის ლორწოს და ამის ფონზე, მასში არსებულ მარილმჟავას შეუძლია იოლად დააზიანოს კუჭის კედლები. ამიტომაცაა, რომ ხშირად არასტეროიდების მიღებისას ადამიანებს კუჭის ტკივილი აწუხებთ.

ალკოჰოლი – რასაკვირველია, ალკოჰოლის უზმოზე მიღება არ შეიძლება. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მალე დათვრებით, არამედ იმიტომაც, რომ ამ დროს ღვიძლში ერთდროულად ალკოჰოლის ძალიან დიდ რაოდენობა ხვდება. ღვიძლი მის გაუვნებელყოფას ვერ ასწრებს.

და კიდევ ერთი რჩევა – ნუ წახვალთ მაღაზიაში, როცა გშიათ. მშიერი ადამიანი ყველაფერს ყიდულობს, რასაც ხედავს. ეს რჩევა თქვენს ჯანმრთელობასაც დაეხმარება და ფინანსებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g