„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონით, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, სიგარეტის მოწევა თითქმის ყველა დახურულ ტერიტორიაზე იკრძალება, გარდა საკუთარი სახლისა.
კანონით გათვალისწინებულ ახალ შეზღუდვას მწეველები „გაგებით” შეხვდნენ, თუმცა სოციალურ ქსელში არაერთი ხუმრობანარევი უკმაყოფილება ფიქსირდება. უკმაყოფილების მთავარი ადრესატი კანონის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა.
რა მოხდებოდა კანონი კინოგმირებზე რომ ვრცელდებოდეს? დიდი ალბათობით, ჯარიმის გადახდა ქართული და მსოფლიო კინოვარსკვლავების უმეტესობას მოუწევდა.
ახალ კანონს ვერ გადაურჩებოდა და დაჯარიმდებოდა ლეგენდარული ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი. ქართულ ფილმ “ცისფერ მთებში” ქალბატონი სესილია სიგარეტს საჯარო დაწესებულებაში ეწევა.
ჯარიმა არ შეეხებოდა იტალიელ მსახიობს მონიკა ბელუჩის. “მალენა” სიგარეტს ღია სივრცეში ეწევა, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე არასრულწლოვანია, კადრებში ირგვლივ სასწავლო დაწესებულება არ ფიქსირდება.
სიგარეტს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ეწევა ქალბატონი ანიკოც, კინოფილმ “კუკარაჩაში”. მიუხედავად ამისა, კანონის შეზღუდვა არც ამ შემთხვევაში ვრცელდება, რადგან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საკუთარ სახლებზე არ მოქმედებს.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონს არღვევს ამ ფოტოში კოკო შანელი. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერი თამბაქოს მოყვარული გახლდათ და ხშირად არის დაფიქსირებული სიგარეტით ხელში.
თამუნა გოგუაძე