LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი: ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს.. თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას

133
რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ თბილისის  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.

რომის პაპმა აღნიშნა, რომ „ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა“.

„ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორია აღსავსეა სიბნელიდან ნათელში გადასვლის ფაქტებით, თქვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი როცა საუკუნეების მანძილზე გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ. თქვენი მუდამ ხალისიანი და მამაცი, სტუმრისა და სიცოცხლის მოყვარე ერი, ყველაზე შავბნელ პერიოდებშიც კი, სწორედ რწმენისა და კულტურის წყალობით ინარჩუნებდა ოპტიმისტურ განწყობას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია როლი კათოლიკური ეკლესიისა, რომელმაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ქართველი ერის კულტურასა და ისტორიას. თქვენ ამ ღვაწლის გამგრძელებლები ხართ…

ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს. ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად. მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის  და საზღვრებს აფართოებს.

ამიტომაც, გისურვებთ იქცეთ “საამურ შუქად“ ახალგაზრდობისთვის და მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის და კიდევ, გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში“. – აღნიშნა რომის პაპმა თბილისის  სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას.