მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო წირვა ჩაატარა.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესა ჩაატარა, რომელსაც წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მხოლოდ 100-მდე ადამიანი დაესწრო. “როიტერის” ცნობით, ტრადიციულად, საშობაო მესას 10 000-მდე ადამიანი და 200 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.
გზავნილში პაპმა ფრანცისკემ, ტრადიციულად, მოიხსენია სხვადასხვა ქვეყანა. მათ შორის, აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს, ლიბანსა და სამხრეთ სუდანს ეწვიოს.
რაც შეეხება რომის პაპის ტრადიციულ მიმართვას „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ (Urbi et Orbi), პონტიფიკოსი მას, წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი აივნის ნაცვლად, ვატიკანის შიდა დარბაზიდან პარასკევს წაიკითხავს. ღვთისმსახურება ჩვეულებრივზე ორი საათით ადრე დაიწყო, რათა ტაძარში მყოფ პირებს სახლებში დაბრუნება კომენდანტის საათის დაწყებამდე მოესწროთ.
შობის დადგომა რამდენიმე საათით ადრე იზეიმეს ბეთლემში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საზეიმო ლიტურგია მცირერიცხოვანი მრევლის თანდასწრებით ჩატარდა.