LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ 20 საკითხია, აქედან გამოცდაზე მხოლოდ 2-ზე მოუწევთ პასუხის გაცემა“ – რთულდება თუ არა ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საგამოცდო საკითხები?

389
BeFunky-collage

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

რთულდება თუ არა ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული საგამოცდო კითხვები და რა ტიპის საკითხები იქნება მართვის მოწმობის გამოცდაზე – ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, იმედა მაკასარაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

როგორც იმედა მაკასარაშვილი განმარტავს აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით.

„საქართველოს გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და აქედან გამომდინარე ჩვენთვის სავალდებულოა იმ დირექტივების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მართვის მოწმობებთან. დირექტივებში მოცემულია წესები, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ქვეყნის შიგნით მართვის მოწმობის ასაღებად თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდის მიღება.

მათ შორის, ერთ-ერთი საკითხია, რომ გამოცდის დაწყებამდე კანდიდატი ერკვეოდეს ტექნიკური გამართულობის პროცესში. მაგალითისთვის ეს არის სატრანსპორტო საშუალების ფარებისა და შუქ-ამრეკლების გამართული მუშაობა, სადგომი ან მუხრუჭის გამართული მუშაობის შემოწმება და სხვა მსგავსი ტექნიკური დეტალები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან“, – აღნიშნავს იმედა მაკასარაშვილი.

გაართულებს თუ არა აღნიშნული საკითხები საგამოცდო პროცესს, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ არა.

„შსს-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც არეგულირებს მართვის მიღებისთვის პრაქტიკულ წესებს მოცემულია B კატეგორიისთვის 20 საკითხი ტექნიკური გამართულობის და იქვე მოცემულია ამ საკითხების სწორი პასუხები. შესაბამისად კანდიდატს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს შსს მინისტრის ბრძანებას და ამ ბრძანებაში მოცემულ საკითხებს, რომელზედაც პასუხის გაცემა მოუწევს საგამოცდო პროცესის დროს. სულ 20 საკითხია და აქედან მხოლოდ 2 საკითხზე მოუწევს პასუხის გაცემა გამოცდაზე. ის, ვინც ვერ უპასუხებს შეკითხვას სწორად, ჩაითვლება მსუბუქ შეცდომად. ერთი ან ორი მსუბუქი შეცდომით კანდიდატი ჩვეულებრივად გააგრძელებს საგამოცდო პროცესის მეორე ეტაპს და უკვე რეალურ მოძრაობაში აჩვენებს, რამდენად ფლობს მძღოლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს“, – განმარტავს იმედა მაკასარაშვილი.

შეგახსენებთ, შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები