ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება.
ახალი რეგულაცია, რომელიც ყურძნის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს, წელსვე ამოქმედდება.
რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მევენახეებს და რა ცვლილებები იგეგმება რთველი 2021-ში აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ისაუბრა.
როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ღვინის ხარისხის კონტროლი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტით არის დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება.
გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე.
მეხუზლამ ასევე განაცხადა, რომ თუ ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა დაბალი იქნება, ღვინის კომპანია მას ჩაიბარებს როგორც სასპირტე მასალას და იმ პერიოდისთვის დადგენილ ფასზე ორჯერ ნაკლებს გადაიხდის.
ლევან მეხუზლამ „ბიზნესკურიერის“ ეთერში განმარტა, რომ 18 % შაქრიანობა იქნება ზღვარი.
18%-ზე ზევით განიხილება, როგორც მწიფე ყურძენი, ქვემოთ კი განიხილება, როგორც უკონდიციო და სასპირტე ყურძენი.
ამასთან, მეხუზლამ „ფორტუნას“ ეთერში დაანონსა, რომ მიმდინარე წელს იგეგმება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის.