LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველი 2024 დასრულდა – შეჯამება

107
რთველი

ღვინის ეროვნული სააგენტო 2024 წლის რთველს აჯამებს.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, მოსავალი სრულადაა დაბინავებული. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-მდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა.

რთველის ფარგლებში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის – 320 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც, დაახლოებით, 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია.  

წელს, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოსავლის დაბინავება როგორც კახეთში, ისე რაჭა-ლეჩხუმში ნაადრევად დაიწყო: კახეთში 13 აგვისტოდან, რაჭაში 23 სექტემბრიდან და ლეჩხუმში 4 ოქტომბრიდან.

ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამში, 600 ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანია, საშუალო და მცირე მარანი იყო ჩართული.

ძირითადი ინდუსტრიული ჯიშებიდან გადამუშავებულია:

  • რქაწითელი – 136 ათასი ტონა
  • საფერავი – 130 ათასი ტონა
  • კახური მწვანე – 5.9 ათასი ტონა
  • ალექსადროულ/მუჯურეთული, რაჭა – 1618 ტონა
  • ცოლიკაური, ცაგერი – 753 ტონა
  • დანარჩენი სხვა ჯიშების ყურძენია

ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების 1 კგ ყურძნის ფასები:

  • რქაწითელი – 1.00-დან 1.20 ლარის ფარგლებში
  • საფერავი – 1.50-1.60 ლარის ფარგლებში
  • ალექსანდროულ/მუჯურეთული – 8.00 ლარი
  • ტვიშის ცოლიკაური – 8.00 ლარი
  • ცაგერის ცოლიკაური – 5.00 ლარი

მევენახე ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით,  საქართველოს მთავრობამ რთველის სუბსიდირება განახორციელა:

  • კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა.
  • 13 სექტემბრიდან შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს. ხოლო მევენახეებმა, რომლებსაც 13 სექტემბრამდე 1.50 ლარზე ნაკლებ ფასად ჩააბარეს საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობამ დაუკომპენსირა სხვაობა 1.50 ლარსა და მიღებულ საფასურს შორის.
  • რაჭის რეგიონში სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.

საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ ოპერატიულად, სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს კომპანია თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური 1 კგ ყურძენი 1.00 ლარად ჩააბარეს. სულ 1800 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი გადამუშავდა. სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ სპირტის დასამზადებლად გადაამუშავა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, რთველის პერიოდში, 100-მდე ახალგაზრდა ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმა. შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები