LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა ამირეჯიბის შვილის კანის ფერის გამო შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს სანიკიძე შეისწავლის

985

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის, რუსა ამირეჯიბის მიმართვაში მოყვანილი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მაქსიმალური სანქციის გამოყენებას გეგმავს, – ასე გამოეხმაურა თამარ სანიკიძე ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის რუსა ამირეჯიბის მიერ გავრცელებულ წერილს – “ძირს რასიზმი და დისკრიმინაცია”, რომელშიც ის 130-ე სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, აღნიშნული შესახებ გუშინ შეიტყო, როდესაც მიმართვა გავრცელდა. მინისტრის თქმით, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო მომენტი იყო.

“ეს საკმარისი იყო ჩვენთვის იმისთვის, რომ საქმის წარმოება დაგვეწყო. ჩვენი შიდა აუდიტი და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური დილიდან უკვე სკოლაში იმყოფება და ვიკვლევთ, რა მოხდა და რა გადაცდომას აქვს ადგილი. როგორც კი დამთავრდება და პირველადი ინფორმაცია მექნება, შემდეგ დეტალურად გავაკეთებ განცხადებას”, – განაცხადა სანიკიძემ.

კითხვაზე – რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიმართვაში მოყანილი ფაქტი დადასტურდა, თამარ სანიკიძის თქმით, სერიოზული სანქცია იქნება გამოყენებული.

“პირდაპირ გეტყვით, რომ სერიოზული სანქცია იქნება. მაქსიმალური სანქცია, რაც კი რაიმე შეიძლება გამოვიყენოთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდა. თუ ეს დადასტურდა აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რადგან ასეთ რამეს, მითუმეტეს ბავშვებთან მიმართებაში, მე პირადად არც ერთ სკოლაში არ დავუშვებ”, – განაცხადა სანიკიძემ.

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის რუსა ამირეჯიბის განცხადებით, მის შვილს კანის ფერის გამო კლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებლებსა და დირექტორს იმ ბავშვისთვის აეხსნათ, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, მის შვილს “ეცნენ და ატირეს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები