„გამყიდველს როგორ უწოდებთ ადამიანს, რომელმაც თავის ქვეყანას ასეთი დიდი წარმატება მოუტანა. განსხვავებით სხვა სპორტსმენებისგან, რომლებიც ფულზე გაიყიდნენ და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობენ დღემდე“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გენო პეტრიაშვილის მეუღლე, ნინი მშვიდობაძე სოციალურ ქსელში წერს
ნინი მშვიდობაძე ამბობს, რომ ადამიანების ლანძღვა განსხვავებული აზრის გამო არ შეიძლება.
„რა კარგად გამოამჟღავნეთ საკუთარი თავები ბევრმა. ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს. ადამიანების ლანძღვა-გინება განსხვავებული აზრის გამო არ შეიძლება მაშინ, თუ დემოკრატიულ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება, თქვენც ასე უნდა იყოთ. თუმცა, გაბოროტებული ადამიანები ბოღმას ვერ მალავენ და ბოროტ სურვილებს და წყევლას უგზავნით ჩემს ოჯახს და ჩემს შვილებს. გრცხვენოდეთ!!! რამდენი ბოღმიანი მყოლიხართ გამომწერებში, ვინც იცნო საკუთარი თავი, თავად ამომშალოს.
გამყიდველს როგორ უწოდებთ ადამიანს, რომელმაც თავის ქვეყანას ასეთი დიდი წარმატება მოუტანა. განსხვავებით სხვა სპორტსმენებისგან, რომლებიც ფულზე გაიყიდნენ და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობენ დღემდე. ზოგიერთმა თქვენგანმა სინანულიც გამოხატეთ თქვენი მშობლების მიმართ, ნეტა სპორტზე მივეყვანე, პარლამენტარი გამოვიდოდიო, კი ნამდვილად ყველა თქვენგანი გახდებოდით ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.
რუსების მონები თავადვე ხართ! ჩემი და გენოს მამა-პაპები ყოველთვის იბრძოდნენ ქვეყნის დასაცავად. თუ რამე ცუდი გაუკეთა რუსეთმა ჩვენს ქვეყანას, ყველაზე მეტად ჩვენი ოჯახი დაზიანდა და ის ადამიანები, რომლებიც ამაში ვერ ერკვევით და არაფერი გაგიგიათ 2008 წელს, მორალს ნუ მიკითხავთ“ – წერს ნინი მშვიდობაძე.