„ეტაპობრივად, თუ ეს ემბარგო განხორციელდა, ჩავთვალოთ, რომ რუსეთი 90-იანი წლების დონეზე ჩამოიშლება. არავითარი ძალა მას არ ექნება, არ ექნება უცხოეთში რამის ყიდვის შესაძლებლობა, არ ექნება ვალუტა“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ის რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ის მთავარი ბერკეტი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც, რუსეთს არც ომის წარმოების საშუალება ექნება.
„ნავთობისა და გაზის ქვეყანაა რუსეთი. ეს არის ქვეყანა, რომელიც აი ამ ორ ნარკოტიკულ ნემსზე ზის. მთელი ბიუჯეტი არის აგებული ამაზე“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-მა სრულად აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტი. ამის შესახებ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობას პუტინის ომის სუბსიდირებაში“, – აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ბაიდენმა განმარტა, ამ გადაწყვეტილებით „ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს“ რუსეთს და პუტინის რეჟიმს.