უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის მსგავს ობიექტებზე თავდასხმა მხოლოდ “სრულიად შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ”.
მისივე თქმით, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
“რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი ტერაქტია ევროპის ისტორიაში. საჰაერო განგაშამდე 1000 ადამიანი იყო. საბედნიეროდ, რამდენადაც ამ დროისთვის ვიცით, ბევრმა ადამიანმა დროულად გამოსვლა მოახერხა, მაგრამ შიგნით ისევ ხალხი იყო. ასეთ ობიექტებზე რაკეტებით დარტყმა მხოლოდ სრულიად შეურაცხად ტერორისტებს შეუძლიათ, რომელთაც დედამიწაზე ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. მსხვერპლის რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ყველა დაშავებულს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ დღეს, რუსეთის სახელმწიფო მსოფლიოში ყველაზე დიდ ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.
“დღეის მდგომარეობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის 2800 სხვადასხვა სახის ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა. ბომბებისა და რაკეტების რაოდენობის დათვლა უბრალოდ შეუძლებელია. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორი. რუსეთის სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში და ეს ფაქტია, ეს უნდა იყოს იურიდიული ფაქტი”, – დასძინა ზელენსკიმ.