რუსეთმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე და უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხოს. ინფორმაციას სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს, რომელიც წერს, რომ თხოვნის წერილით საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს უკვე მიმართა რუსეთის ფედერალური უწყების, „როსტურიზმის“ ხელმძღვანელმა, ზარინა დოგუზოვამ.
დოგუზოვა აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხები, არ არის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომპეტენცია.
შეგახსენებთ, 27 თებერვალს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, განიხილონ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხი. დღეს კი, 8 მარტს მადრიდში დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა.