კრემლის მორიგი ულტიმატუმი – რუსეთი ნატო-სგან ოფიციალურად ითხოვს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და დაპირების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები უნდა გახდნენ. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება ამბობს, რომ ეუთო-ს სახელმწიფოების ვალდებულებების მიხედვით, საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა იყოს გამაგრებული.
„ეს პრინციპი პირველად ჰელსინკის დასკვნით აქტში გამოცხადდა, შემდეგ კი კვლავ დადასტურდა და განმტკიცდა 1990 წელს პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისთვის, სადაც ნათქვამია: „თითოეულის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ყველა დანარჩენის უსაფრთხოებასთან“. ხოლო 1999 წელს სტამბოლში, ეუთო-ს სამიტზე მიღებული იქნა ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მონაწილე სახელმწიფოები „არ გააძლიერებენ თავიანთ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე“.
რუსეთი ასევე დაჟინებით მოითხოვს შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, შეთანხმების ლეგალურ კონსოლიდაციას, რუსეთის მეზობელ, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში თავდასხმითი იარაღის სისტემების განუთავსებლობის შესახებ, რაც მოსკოვის თქმით, საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, მოსკოვი მოუწოდებს თავდაცვის უწყებათა დონეზე რეგულარული დიალოგის განახლებისკენ აშშ-სა და ნატო-სთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, შეუერთდეს მორატორიუმს საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული ძალების განთავსებაზე ევროპაში.