რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს ქცევა, ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს საფთხეს უქმნის.
მისივე თქმით, თავის მხრივ, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობა, ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას.
მანვე აღნიშნა, რომ 2015 წლიდან სავიზო პროცედურები გამარტივდა და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რუსეთში ვიზიტის შესაძლებლობა ეძლევა.
“პრინციპში, ჩვენ მომავალში უვიზო რეჟიმის გააქტიურებას არ გამოვრიცხავთ. მეორე მხრივ, ამის გაკეთება რთულია, მაშინ, როცა დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს.
ასევე ამაზე მოქმედებს მსოფლიოში რთული ვითარება, რაც განპირობებულია ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდით და არალეგალური მიგრაციის პრობლემებით. რა თქმა უნდა, ამის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოსთან პოლიტიკურ ურთიერთობაში, პოზიტიური ძვრები ჯერ კიდევ არ შეინიშნება.
“თბილისი კვლავ არ აპირებს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. განაგრძობს მტრულ საქმიანობას საერთაშორისო პლატფორმებზე და ნებაყოფილობით მონაწილეობს ნატოს სტრატეგიაში რუსეთის წინააღმდეგ” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს პროცესები საფრთხეს უქმნის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც 2012 წელს დაიწყო.