რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ იტყობინება, რომ რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს.
მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყალსაცავს უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული HIMARS-დან გაშვებული რაკეტა მოხვდა და დაზიანდა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან “ჰუმანიტარული კატასტროფისთვის პირობების შექმნის მცდელობაა”.
20 ოქტომბერს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხერსონში მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და მასზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავენ.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ჯებირი 18 მილიონ კუბურ მეტრ წყალს აკავებს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, თუკი ჯებირი წყალს ვერ შეაკავებს, წყალქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ხერსონი. შეიძლება დაზარალდეს ასიათასობით ადამიანი.