LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს გასვლების რაოდენობას- PMC კვლევითი ცენტრი

90
Untitled

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის ივნისში 185.5%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 49%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 164.4%- ით გაიზარდა (2022/2021) და 46,7%-ით შემცირდა (2022/2019), ხოლო საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 126.7%-ით გაიზარდა (2022/2021) და 35.9%-ით შემცირდა (2022/2019).

„2022 წლის მაისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩეოდნენ რუსეთი (62 192 ვიზიტით), თურქეთი (38 329 ვიზიტით) და სომხეთი (61 974 ვიზიტით). საქართველოს მსხვილ ტურისტული ბაზრებს შორის, უზბეკეთიდან (283.4%), ბელარუსიდან (85%), ყაზახეთიდან (50.6%) საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან 2019 წლის ამ პერიოდის ნიშნულს დაუბრუნდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელარუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი ცვლილება აჩვენა. თუმცა, 2022 წლის მაისში, შემოსვლისა და გასვლების რაოდენობას შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინელებისთვის, რადგან გასვლების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო შემოსვლები წინა თვესთან შედარებით შემცირდა. ამასთანავე, 2022 წლის მაისში რუსებისა და ბელარუსებისთვის გასვლების რაოდენობამ გადააჭარბა შემოსვლის რაოდენობას.

2022 წლის მაისში რუსეთიდან დაახლოებით 20 500-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, ხოლო შესაბამისი მაჩვენებელი ბელორუსისთვის დაახლოებით 1700 იყო. ეს ზრდა შეიძლება აიხსნას რუსეთსა და ბელარუსიდან მოგზაურების სამშობლოში დაბრუნებით, რუსეთსა და ბელარუსში შედარებით გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის მოლოდინის გამო. ამასთანავე, 2022 წლის მარტი-მაისის განმავლობაში რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების საერთო რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს გასვლების რაოდენობას. ამ პერიოდში სხვაობა (ანუ მეტი შემოსვლა, ვიდრე გასვლა) განსაკუთრებით მაღალი იყო უკრაინელებისთვის, განსხვავებით წინა თვისაგან, როდესაც ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი რუსებისთვის იყო.

2022 წელს შესამჩნევია საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვანი აღდგენა. 2019 წლის პანდემიამდელ ნიშნულებზე დაბრუნება ეტაპობრივია და ჯერ არ არის მიღწეული, რადგან 2022 წლის ივნისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტებმა 387 781 შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი მაჩვენებლის ნახევარზე მეტია (53%).

2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 53% საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე მოდიოდა. 2022 წლის იანვრიდან მაისამდე თურქეთი იყო საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების უმსხვილესი წყარო. თუმცა, 2022 წლის ივნისში რუსეთის წილი მთლიან ვიზიტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და გადააჭარბა თურქეთისა და სომხეთის წილებს. კერძოდ, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობამ 90 239-ს მიაღწია, რაც 2022 წლის ივნისი მთლიანი ვიზიტების 23%-ია. 2022 წლის წინა ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელს (15%) 8 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2022 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტების სხვა მნიშვნელოვანი წყარო ქვეყნები იყვნენ: ისრაელი (საშუალო წილით 6%), უკრაინა (4%), ყაზახეთი (3%), ბელორუსი (3%), ირანი (3%), და საუდის არაბეთი (2%)

2022 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში რუსეთი ლიდერი ქვეყანა იყო უცხოური მოგზაურობიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის წილით. კერძოდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან სამოგზაურო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა (2022 წლის მარტში 2022 წლის თებერვალთან შედარებით 29,1%-ით). 2022 წლის მარტში, ბელარუსიდან სამოგზაურო შემოსავლები, წინა თვესთან შედარებით, მკვეთრად 552%-ით გაიზარდა და შემდეგი სამი თვის განმავლობაში მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბელარუსიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დაბალია, შესაძლოა დავასკვნათ, რომ საქართველოში შემოსული ბელარუსების დიდი ნაწილი ქვეყანაში ხანგრძლივი ვიზიტითაა ჩამოსული. საბოლოოდ, უცხოური მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის ორი ძირითადი წყარო აღნიშნულ პერიოდში რუსეთი და ბელარუსი იყო. გარდა ამისა, 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული სამოგზაურო შემოსავლები“,- ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის კვლევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g