LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ “ღია ცის შეთანხმებიდან” გასვლას მხარი დაუჭირა

83
Untitled design

აშშ-ის შემდეგ, ახლა უკვე რუსეთი შეიარაღების კონტროლის პაქტიდან “ღია ცის ხელშეკრულებიდან” გასვლას გეგმავს.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, რომ იწყებდნენ “ღია ცის” შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას, მას შემდეგ, რაც გაერთიანება აშშ-მა დატოვა.

აშშ ღია ცის შეთანხმებას აღარ დაუბრუნდება, გადაწყვეტილებას მოსკოვში “პოლიტიკურ შეცდომას” უწოდებენ

დღეს კი რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ –  ფედერაციის საბჭომ ქვეყნის “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლას მხარი დაუჭირა.

ხელშეკრულებიდან გასვლისთვის საჭირო მორიგი პროცედურა პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, შეიარაღების საერთაშორისო კონტროლის სისტემაზე დარტყმა იყო, თავად ტრამპმა კი არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი, რომ ვაშინგტონს ან ატყუებდნენ, ან უსამართლოდ იყენებდნენ სამხედრო შესაძლებლობებს.

შეგახსენებთ, 1992 წელს ხელმოწერილი და ძალაში შესული შეთანხმება საშუალებას აძლევს მის წევრ 34 სახელმწიფოს, აწარმოონ უიარაღოდ სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით.

“ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან” გასვლაზე აშშ-მა 2020 წლის 22 მაისს განაცხადა. მიზეზად რუსეთის მხრიდან ის დარღვევები დასახელდა, რომელმაც შეთანხმებას ძირი გამოუთხარა.

საარჩევნო კამპანიის დროს, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპის ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯს  “ახლომხედველობა” უწოდა. მას შემდეგ, რაც ტრამპი ბაიდენმა შეცვალა, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელმეორედ შეუერთდებოდა.

თუმცა რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შტატები შეიარაღების კონტროლის პაქტს  აღარ დაუბრუნდება. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ შტატების განაცხადი არ ახარებთ და იწვევს იმედგაცრუებას, რადგან ვაშინგტონმა ხელიდან გაუშვა კიდევ ერთი შანსი, პოზიტიური წვლილი შეეტანა ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მაშინ მოსკოვში აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას “პოლიტიკური შეცდომა” უწოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g