პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან და რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები საქართველოზეც ისახება.
ზურაბიშვილმა დასძინა, რომ საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები.
„რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან და სუვერენობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის. ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა – მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა გამოსვლისას.
ცნობისთვის, სხდომას 89 დეპუტატი ესწრება. პრეზიდენტის გამოსვლას ესწრება ასევე მინისტრთა კაბინეტი და თბილისის მერი კახა კალაძე.
ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.
დღევანდელ სესიას არ ესწრება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან.