LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის რეალური სახე: რას ითხოვს მოსკოვი და რას თანხმდება აშშ და უკრაინა

198
5972208620328307073

მთავარი მსოფლიო პოლიტიკური მოვლენა ცხადია არ იცვლება: უკრაინაში ომის დასრულების მცდელობები, რომელშიც აქტიურად არის ჩართული შეერთებული შტატები. ყინული დაძრულია და მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა. შეთანხმების მიღწევა ცხადია მარტივი არ არის, მით უმეტეს, რუსეთის მხრიდან რეალურ დათმობაზე წასვლა კითხვის ნიშნებს აჩენს და ამაზე ამერიკული თუ ევროპული მხარეები აკეთებენ კიდეც მინიშნებებს.

გადაცემის „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა ასევე მიმოიხილა გრენლანდიის საკითხი, სატარიფო ომი, რაც ალბათ გამოიწვევს ფასების ზრდასა და ფინანსურ რყევებს, თურქეთში მიმდინარე პროცესები, შავი ზღვის და კავკასიის უსაფრთხოების საკითხი.

“მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო ელ-რიადისკენ, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები და რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები, ხოლო მეორე დღეს რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს.
უკრაინა თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით იყო წარმოდგენილი, ძირითადი შემადგენლობა კი კონკრეტული სპეციალური მიმართულების ექსპერტების, დიპლომატების, ინფრასტრუქტურის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.

უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებები პოზიტიურად, კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. მას მაღალი შეფასება მისცა ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა. უკრაინა ერთგულია გადაწყვეტილების და თანხმდება 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თანაც ხაზგასასმელია რომ უპირობოდ.
ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ დღე არ გასულა რუსეთს არ დაებომბა უკრაინის ტერიტორიები. ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
ელექტროსადგურზეც იყო იერიში, მიუხედავად ამისა, უკრაინა მაინც მზადაა ცეცხლის შეწყვეტაზე.

თითქოს ანალოგიური განწყობა უნდა ყოფილიყო რუსეთთან შეხვედრისას. თუმცა მოულოდნელად მძიმედ წარიმართა, 12 საათი გაგრძელდა. შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ რუსული და ამერიკული მხარეები ერთობლივ განცხადებას გააკეთებდნენ მოლაპარაკების შედეგებზე, მაგრამ კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ არავითარი დეტალები არ გამჟღავნდებოდა.

თეთრმა სახლმა მაინც გააკეთა განცხადება, რომ მხარეები შეთანხმდნენ შავ ზღვაზე, ასევე ენერგოობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე 30 დღის განმავლობაში.

ასევე ნათქვამი იყო, რომ აშშ იზრუნებს რუსეთისთვის საერთაშორისო ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო და მინერალური სასუქების დასაბრუნებლად, ასევე სადაზღვევო ხარჯების შესამცირებლად, ტვირთების დაუბრკოლებლად მიწოდებაზე.

რუსულმა მხარემ ამის შემდეგ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ 18 მარტიდან მოქმედებს ეს შეთანხმება, მაგრამ იყო ნიუანსები და თანაც სერიოზული. ეს სავარაუდოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკული მხარისთვის, რადგან რუსეთმა დააყენა მოთხოვნები. აქედან მთავარი იყო სასოფლო-სამეურნეო დარგში მთავარი ბანკის დაბრუნება სვიფტის ანგარიშსწორების სისტემაში. ასევე რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების შეუზღუდავად მოძრაობა და რუსეთში დანადგარების ჩამოტანის მიმართულებით სანქციების მოხსნა.

ზელენსკიმ და საერთაშორისო ლიდერებმაც მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ სწორედ ეს არის რეალურად რუსული სახე, რომ პუტინი ცდილობს დროის მოგებას, გაჭიანურებას და არავითარი მიზანი არ აქვს შეთანხმებას მიაღწიოს, არავითარი დათმობის ნიშნები არ ყოფილა. უკვე აშშ-ის ადმინისტრაცია და ტრამპიც ამბობენ, რომ სავსებით შესაძლებელია პუტინი დროს წელავდეს, მაგრამ მაინც სჯერა, რომ სურს ომის დასრულება.

უკრაინული მხარე მკაფიოა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. თავის მხრივ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის ხელისუფლების დემონტაჟის, დემილიტარიზაციის აუცილებლობაზე და რომ არავითარი მოლაპარაკებები ვერ იქნება “რუსეთის ტერიტორიებზე”, რადგან აქ ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები. რუსეთი აძლევს ვადას უკრაინის იმ მოქალაქეებს, ვინც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან აიღონ რუსეთის მოქალაქეობა ან დატოვონ საცხოვრებლები.

ევროკავშირი გამოეხმაურა რუსეთისთვის სანქციების შერბილების, მოხსნის საკითხს და აღნიშნა, რომ ამის ერთადერთი გზა არის რუსული საოკუპაციო ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან უპირობო გაყვანა.

პარალელურ რეჟიმში ზელენსკი პარიზში შეხვდა ემანუელ მაკრონს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება 2 მილიარდი დოლარის მორიგი სამხედრო დახმარების დაუყოვნებლივ გამოყოფის შესახებ და სწრაფად დაიწყებენ მიწოდებას”.

ფოტო: al24news

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g