LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი: მზად ვართ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოდერნიზაციისა და რეფორმირების საკითხში დავეხმაროთ

65
Сергей Шойгу

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის თავდაცვის უწყება მზად არის სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოდერნიზაციისა და რეფორმირების საკითხში დაეხმაროს. ამის შესახებ მან მოსკოვში, სომეხ კოლეგასთან არშაკ კარაპეტიანთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამშრომლობას სამხედრო სფეროში როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ ფარგლებში.

„გარდა ამისა, მზად ვართ აღმოვუჩინოთ დახმარება სომხეთის შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროგრამის რეალიზაციის კუთხით. ამოცანა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, თქვენი გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება“, – განუცხადა შოიგუმ კარაპეტიანს.

მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელიც კარგად არის აღჭურვილი და უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს.

„სომხეთი რუსეთის მოკავშირე და ძირითადი პარტნიორია ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ჩვენ დაინტერესებული ვართ სტაბილურობით ამ რეგიონში“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

magti 5g