2021 წლის მაისში 2019 წლის მაისთან შედარებით ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 17%-ით აღდგა, ხოლო იანვარ-მაისის მაჩვენებლებით კი 13%-ით.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე “COVID-19-ის გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ წარმოდგენილი სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2021 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:
-
საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით ტოპ ქვეყნებში მნიშვნელოვანი გადაადგილებები მოხდა. რუსეთმა პირველი ადგილი დაუთმო თურქეთს, მნიშვნელოვნად დაწინაურდა უკრაინა და ისრაელი.
-
აღდგენასთან (2019 წლის მონაცემთან გატოლებასთან) ყველაზე ახლოს მდგარი ქვეყნებია ბელარუსი (41%-ით აღდგენილია), ისრაელი (39%-ით აღდგენილია), უკრაინა (36%-ით აღდგენილია), ყაზახეთი (34%-ით აღდგენილია). აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით უზბეკეთმა 40%-იანი ზრდა აჩვენა.
-
საზღვრის ტიპის მიხედვით, ანალიზმა აჩვენა საჰაერო გზით შემოსული ვიზიტების 16%-ით აღდგენა, სახმელეთოსი კი 11%.
-
ტრადიციულად ყველაზე დატვირთული ხუთი სასაზღვრო პუნქტიდან (თბილისი აეროპორტი, სარფი, ყაზბეგი, წითელი ხიდი, სადახლო) აჩვენებს თბილისის აეროპორტის და სარფის 15%-იან აღდგენას, მათ მოსდევს ყაზბეგი 13% და წითელი ხიდი 10% აღდგენით. სადახლო კი 6%-ით არის აღდგენილი. სხვა საზღვრებიდან აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტის 41%-იანი და ვალეს 46%-იანი აღდგენა. სახმელეთო საზღვრების ნაწილობრივი აღდგენა ჩაკეტილი საზღვრების პირობებში გამოწვეულია ეკონომიკური საქმიანობის მიზნით ტრაილერების მოძრაობით.
-
დემოგრაფიულ პროფილს რაც შეეხება ყველაზე ახლოს აღდგენასთან არიან 31-50 და 51-70 ასაკობრივი ჯგუფები, 15%-ით თითოეული. დანარჩენი კატეგორიები 15-30 8%-ით არის აღდგენილი და 71+ ასაკობრივი სეგმენტი კი 5%-ით. სქესის მიხედვით ანალიზი აჩვენებს რომ მამაკაცებში 16%-ია აღდგენილი, ხოლო ქალებში 7%.