რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის 287 წევრს სანქციები დაუწესა, მათ შორის „დაუნინგ სტრიტის“ შტაბის უფროსს სტივ ბარკლისა და თემთა პალატის სპიკერს ლინდსი ჰოილს. შედეგად, ბრიტანელ პოლიტიკოსებს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მოსკოვის მიერ დაწესებული სანქციები როგორც ბრიტანეთის კონსერვატიული, ასევე ლეიბორისტული პარტიის დეპუტატებს შეეხებათ. „ამ პირებმა, რომლებსაც აღარ აქვთ რუსეთის ფედერაციაში შესვლის უფლება, ყველაზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ლონდონში ანტირუსული სანქციების ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს საპასუხო ნაბიჯია გაერთიანებული სამეფოს ქმედებაზე – ოფიციალურმა ლონდონმა 11 მარტს, 386 რუს კანონმდებელს სანქციები დაუწესა.