LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთმა აისრულა დიდი ხნის ოცნება: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ერა დაიწყო

357
FORTUNA.GE (42)

სამმხრივი შეთანხმება, არეულობა ერევანში და რუსი სამშვიდობები ყარაბაღში – რეგიონში ხუთკვირიანი ომი დასრულებულია – შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშიანიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან შეთანხმებისას მიიღო.

9-პუნქტიანი დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკვე დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები ყარაბაღში არ იქნებიან. ამის დასტურად კრემლის საიტზე გამოქვეყნდა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

ერევანში კი ვითარება კვლავ დაძაბულია – დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. პროტესტი არ წყდება, 17 ოპოზიციური პარტია ანტისამთავრობო აქციას მართავს და ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესებს.

სომხეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რეალურად რას ნიშნავს ომის დასრულების შეთანხმება, რა მნიშვნელობა აქვს და როგორ აისახება კონფლიქტის მონაწილე მხარეებსა და რეგიონზე, საკითხზე ვისაუბრეთ “დღის თემის” სტუმართან, ექსპერტ კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან.

 

რას ნიშნავს შეთანხმება მხარეებისთვის, როგორ ფიქრობთ, ერთმნიშვნელოვნად თუ არის აქ ვინმეს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიღებული და რა შედეგებს უნდა ველოდოთ, თუნდაც ამ შეთანხმების შესრულების პროცესში?

ამ გადაწყვეტილებამ გეოპოლიტიკური ვითარება შეცვალა არა მხოლოდ კონკრეტულად სამხრეთ კავკასიაში, არამედ მთლიანად კასპია-შავი ზღვის აუზში. რაც შეეხება ვინ მიიღო სარგებელი, სხვადასხვანაირი შეფასებები არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, რუსეთმა აისრულა დიდი ხნის ოცნება, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეეყვანა თავისი სამშვიდობოები. 25 წელია რუსეთი ცდილობს, რომ ეს გააკეთოს და არ გამოსდის, რადგან მხარეები თანახმა არ იყვნენ. ახლა საბოლოო მიზანს მიღწია.

გარდა ამისა, მან პრაქტიკულად წყალი შეუყენა ფაშინიანის ხელისუფლებას, ესეც რუსეთისთვის მომგებიანი ფაქტორია, რადგან ფაშინიანი მოსკოვში მიუღებელი პიროვნება იყო.

ასევე ყარაბაღის მოგვარების ფორმატიდან ამოაგდო მინსკის ჯგუფის წევრები – საფრანგეთი და აშშ და თვითონ, პრაქტიკულად, თურქეთთან ერთად გადაწყვიტა ეს პრობლემა იმ ფორმით, როგორც გადაწყვიტა.

პრაქტიკულად, რეგიონის სამივე ქვეყანაში დღეს რუსეთს ჰყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რაც წარმოუდგენელი იყო 90-იანი წლების ბოლოს სტამბოლის შეთანხმებების პრინციპებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველოდან ჯარების გაყვანა აიძულეს, შემდეგ აზერბაიჯანიდანაც გაიყვანა და ახლა შემოიყვანა ყველა უკან.

მინუსი არის ის, რომ სომხურ თემში და არა მხოლოდ სომხეთში, ძალიან ძლიერია ანტირუსული განწყობები და ამას რა შეცვლის არ ვიცი. გარდა ამისა, თურქეთი მოძლიერდა სამხრეთ კავკასიაში და მიაღწია იმას, რომ თავისი სამხედრო პოლიტიკური წარმომადგენლობა გააძლიერა. კი ამბობდნენ მოსკოვში იმას, რომ თურქი ჯარისკაცები იქ არ გამოჩნდებიანო, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ გამოჩნდებიან, გამოჩნდებიან სამშვიდობოების მანდატით და როგორც გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, თურქები აპირებენ აზერბაიჯანში სამხედრო ბაზის შექმნას.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თურქეთმა მოახერხა რუსეთის დათანხმება – სომხეთის ტერიტორიაზე შექმნას კორიდორი სახმელეთო გზით პირდაპირ აზერბაიჯანთან კავშირზე.

ყარაბაღში უკვე დაწყებული აქვთ დისლოკაცია რუსულ დანაყოფებს. არსებულ სურათს რომ თვალ გადავავლოთ, სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შენარჩუნებული ბაზა სომხეთში და ახლა უკვე მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში, ამ გარემოს გათვალისწინებით, რა იცვლება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით?

ჩვენ, პრაქტიკულად, რუსული სამხედრო ბაზების რკალში ვართ იმ ფონზე, რომ არავითარი გარანტია არ არსებობს ჩვენთან სტაბილური მდგომარეობის, გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს და შეინარჩუნა კიდეც სტაბილურობა 8 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს არის მყიფე ფაქტორი ჩვენთვის.

სოციალურ ქსელში საგარეო პოლიტიკის მკვლევარმა გიორგი კობერიძემ თქვა, რომ საქართველომ შესაძლოა სატრანსპორტო, თურქეთაზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი ერთადერთი აქტორის როლი დაკარგოს ამ შეთანხმებიდან გამომდინარე. რამდენად მოსალოდნელია ეს, ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე?

ნაწილობრივ დაკარგავს, თუ ამ ტრასამ იმუშავა ისე, როგორც საჭიროა, რადგან ეს არის უმოკლესი გზა და ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო იქნება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთოერთობის კონტექსტში.
თუმცა აქ არ არის ინფრასტრუქტურა მოწყობილი და როდის მოაწყობენ, კაცმა არ იცის, მაგრამ თავისთავად ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ენერგომატარებლები ამ გზით წავა, ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ტვირთბრუნვა ამ გზაზე მოხდება.
მოკლედ, გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების ერა დაიწყო.

 

დასავლეთმა საქართველოში ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს, ცოტა ხანში შეიძლება დაგვიანებული იყოს: დაწყებულია დიდი გადანაწილების პროცესი

 

რა როლი შეიძლება ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებს. გავრცელდა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, რომელიც აღნიშნულია, რომ უნდა იყოს სომხეთის ინტერესები გათვალისწინებული.

მაკრონის ადმინისტრაციამ ამ განცხადებით უბრალოდ კოჭი გაუგორა სომხურ ძლიერ თემს, რომელიც საფრანგეთშია, თორემ არავითარი ძალა არ ერჩის მაკრონის ადმინისტრაციას, სამწუხაროდ, და ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის არცერთ სტრუქტურას არ შეუძლია სიტუაცია შეცვალოს იმ ზონებში, სადაც აქტიურია თურქეთი ან რუსეთი.

ასე რომ, რაც უნდა განცხადებები აკეთონ ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ამით ვითარება არ შეიცვლება. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის და თურქეთის გაძლიერებას რეგიონში, ეს არის ნატო და ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები.

მიდგომების ფორმატი უნდა შეიცვალოს. ჩვენი პარტნიორების წინაშე კატეგორიულად უნდა დაისვას ჩვენი უსაფრთხოების საკითხი, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორფოსტი, როგორიც საქართველოა, დასუსტდება დასავლეთის გავლენებისგან, მაშინ ფაქტობრივად დაიკარგება ნატოს და ამერიკის შეერთებული შატატების სურვილი, რომ შავი ზღვა აკონტროლონ. ყირიმის დაკარგვის შემდეგ ძალიან შემცირდა მათი გავლენები აქ  და ახლა მით უმეტეს მოხდება.

ფიქრობთ, რომ ყარაბაღის სრული დეოკუპაცია მოხდება და უბრალოდ, ფართო ავტონომიური უფლებით საბოლოოდ გადავა აზერბაიჯანის კონტოლქვეშ და რამდენად იქნება ეს პრეცედენტული რეგიონისთვის, თუნდაც ჩვენი ქვეყნისთვის?

არც ავტონომიური უფლებით არ გადავა და არც დეოკუპაცია არ მოხდება.
პრეცედენტები მუშაობს იმ შემთხვევაში, როცა თანაბარი წონის მეტოქეები არიან დაპირისპირებული. როცა რუსეთია ჩართული, პრეცედენტი არ მუშაობს. ძალიან რთულია, რომ ჩვენ სამხედრო  გზით დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, იმიტომ, რომ რუსეთთან მოგვიხდება დაპირისპირება. ეს არის ძალიან სეროზული თემა. ფორმატებს უნდა გადავხედოთ არა მხოლოდ დასავლეთთან ურთერთობის, არამედ ჩვენს სამეზობლოშიც.

magti 5g