LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთმა პროაქტიურად უპასუხა აგრესიას.. ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ მიწაზე იბრძვიან – ეს არის გამარჯვებულთა თაობა“ – რა თქვა პუტინმა წითელ მოედანზე

172
ვლადიმერ პუტინი - 9 მაისი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში, წითელ მოედანზე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

 

რუსეთზე „შეტევის მზადება“ უკრაინის მხრიდან?

 

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთის საზღვრებთან მყისიერი საფრთხე იქმნებოდა – უკრაინის მხრიდან მზადდებოდა შეტევა, მათ შორის ყირიმზე. პუტინმა იქვე დასძინა, რომ ამ აგრესიას რუსეთმა „პროაქტიურად უპასუხა“

„ღიად, მზადება მიმდინარეობდა მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის დონბასში, ჩვენს ისტორიულ მიწებზე, მათ შორის ყირიმში შემოჭრისთვის. კიევში განაცხადეს ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენის შესახებ და ნატოს ბლოკმა დაიწყო მიმდებარე ტერიტორიების აქტიური სამხედრო განვითარება. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია საფრთხე და სწორედ ჩვენს საზღვრებთან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად, რუსეთმა კი აგრესიას პროაქტიურად უპასუხა და „ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან.“

 

„ფუჭად ჩავლილი უსაფრთხოების გარანტიები“

 

პუტინის თქმით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში, რუსეთმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების გაფორმებისა და სამართლიანი დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, ნატოს ქვეყნებმა მათ მოწოდება არ გაიგეს.

„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! სამშობლოს დაცვა, როდესაც წყდებოდა მისი ბედი, ყოველთვის წმინდა იყო. გულწრფელი პატრიოტიზმის ასეთი გრძნობით მტერს ებრძოდნენ მოსკოვთან და ლენინგრადთან, კიევთან და მინსკთან, სტალინგრადთან და კურსკთან, სევასტოპოლთან და ხარკოვთან. ასეა ახლაც. ამ დღეებში თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობაა მათი ხსოვნის დაცვა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს.

ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით. სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის.

გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ გაგვეფორმებინა უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, რუსეთი მოუწოდებდა დასავლეთს სამართლიანი დიალოგისა და გონივრული კომპრომისული გადაწყვეტის ძიებისკენ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, ნატოს ქვეყნებმა არ მოისურვეს ჩვენი გაგონება.

ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ ჰქონდა სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ამას ვხედავდით. ღიად მიმდინარეობდა დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრა, მათ შორის, ყირიმში.

კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენაზე. ნატომ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების, აქედან გამომდინარე, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან.

ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდეროველებთან, ვისზეც აშშ-მ და მისმა კომპანიონებმა დადეს ფსონი, იქნებოდა გარდაუვალი.

ვიმეორებ, ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყეს მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, მიმდინარეობდა ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება ნატოს ქვეყნებიდან, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად.

რუსეთმა პროაქტიურად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

 

პუტინის „რუსული არმიის მეომრები“

 

პუტინმა ასევე თქვა, რომ დონბასის მილიცია და რუსული არმიის ჯარისკაცები საკუთარ მიწაზე იბრძვიან, სადაც მათმა წინაპრებმა მტერი დაამარცხეს.

„დღეს დონბასის მილიციელები, რუსული არმიის მებრძოლებთან ერთად, იბრძვიან საკუთარ მიწაზე, სადაც მტერს ებრძოდნენ სვიატოსლავ და ვლადიმერ მონომახის მებრძოლები, რუმიანცევისა და პოტიომკინის ჯარისკაცები, სუვოროვი და ბრუსილოვი. დიდი სამამულო ომის გმირები – ნიკოლაი ვატუტინი, სიდორ კოვპაკი, ლუდმილა პავლიჩენკო სიკვდილამდე იბრძოდნენ.

ახლა მივმართავ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს და დონბასის მილიციას. თქვენ იბრძვით სამშობლოსათვის, მისი მომავლისთვის, რათა არავინ დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები, რათა მსოფლიოში არ იყოს ადგილი ჯალათებისთვის, დამსჯელებისთვის და ნაცისტებისთვის.“ – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

 

„ჯარისკაცები ომის ზონიდან“?

 

როგორც რუსული მედია წერს, წითელ მოედანზე აღლუმს ასევე ესწრებიან სამხედროები, რომლებიც უშუალოდ დონბასის „ომის ზონიდან ჩამვიდნენ“.

„ახლა აქ, წითელ მოედანზე, ჩვენი უზარმაზარი სამშობლოს მრავალი რეგიონის ჯარისკაცები და ოფიცრები დგანან მხარი მხარზე, მათ შორის ისინი, ვინც პირდაპირ დონბასიდან ჩამოვიდნენ, პირდაპირ საბრძოლო ზონიდან“, – აღნიშნა პუტინმა წითელ მოედანზე.

მისივე თქმით, რუსეთს ახსოვს, „როგორ ცდილობდნენ რუსეთის მტრები გამოეყენებინათ საერთაშორისო ტერორისტების ბანდები მათ წინააღმდეგ, ცდილობდნენ ეროვნული და რელიგიური სიძულვილის დათესვას მათი დასუსტებისა და შიგნიდან გაყოფის მიზნით, თუმცა პუტინის თქმით, ეს ვერ მოხდა.

პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, ბრძოლაში სხვადასხვა ეროვნების რუსი სამხედროები ძმებივით ფარავენ ერთმანეთს ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან.

„და ეს არის რუსეთის სიძლიერე, ჩვენი მრავალეროვნული ხალხის დიდი, ურღვევი ძალა. დღეს თქვენ იცავთ იმას, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი მამები და ძმები, ბაბუები.

მათთვის სამშობლოს კეთილდღეობა და უსაფრთხოება ყოველთვის იყო ცხოვრების უმაღლესი აზრი. ჩვენთვის კი, მათი მემკვიდრეებისთვის, ერთგულება სამშობლო არის მთავარი ღირებულება, რუსეთის დამოუკიდებლობის საიმედო მხარდაჭერა.“– განაცხადა მან.

პუტინის თქმით, მათ, ვინც დაამარცხა ნაციზმი დიდი სამამულო ომის დროს, აჩვენეს გმირობის მაგალითი ყველა დროისთვის. „ეს არის გამარჯვებულთა თაობა და ჩვენ მათ ყოველთვის მივხედავთ.“ – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები