ავსტრალიის მთავრობამ რუსი პროპაგანდისტებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის ლეგიტიმაციას, ასევე იმ პოლიტიკოსებისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ამ უკანონო შეჭრას, ახალი სანქციები დააწესა, – ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გავრცელებული.
„ჩვენ შევიყვანეთ სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის არიან რუსული მედიაინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან,“- აცხადებენ ავსტრალიის საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებს შორის არის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც აღწერილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.