LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში ომის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის წესი ამოქმედდება – მოეწყობა 1 000 კაციანი ჯგუფური სამარხები

588
კრემლი

1-ლი თებერვლიდან რუსეთში ძალაში შედის 2021 წლის სექტემბერში დამტკიცებული ბრძანება „ომის და მშვიდობის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის“ შესახებ.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, შესაძლებელი ხდება 1000 კაციანი ჯგუფური სამარხების მოწყობა.

ბრძანება ეხება იმ ადამიანებისა და ცხოველების მასობრივ საფლავებში დაკრძალვის წესს, რომლებიც სამხედრო კონფლიქტებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგად, ან მშვიდობიან დროს დაიღუპებიან.

მასობრივ დაკრძალვასთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი კი, რეგიონული ხელისუფლება იქნება.

რეგულაციები არ დაუშვებს მასობრივი სამარხების განთავსებას წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებთან, მინერალური წყლის ბუნებრივ წყაროებთან, მდინარესა და ტბებთან, რომელთა წყლის დონეები მიწის ზედაპირიდან 2 მეტრამდეა.

ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ ნებადართულია მწუხარების კედლების მოწყობა შესაძლო დაკრძალვის ადგილების გარეთ, ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი კორპუსებიდან, სამედიცინო, საბავშვო, საგანმანათლებლო, სპორტული და დასვენების, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით.

საგულისხმო გარემოებაა, რომ აღნიშნული ბრძანების ამოქმედება, უკრაინაში მოსალოდნელ საომარ მოქმედებებსა და ქვეყნის საზღვრებთან კრიზისს ემთხვევა, თუმცა უკავშირდება თუ არა ახალი ბრძანების ამოქმედება ამ მოვლენებს, ჯერჯერობით უცნობია.

magti 5g