ცნობილი რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი მოსალოდნელი სანქციების შიშით, ბრიტანეთში საკუთარ ქონებას ყიდის, მათ შორის ლონდონში, კენგსინტონის მილიადერთა დასახლებაში მდებარე ვილას, რომლის ღირებულება 275 მილიონი დოლარია – აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, კრის ბრაიანტი საუბრობს, ინფორმაციას კი ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.
„ვფიქრობ, აბრამოვიჩს ეშინია სანქციების დაწესების, რის გამოც ის უკვე აპირებს ხვალ გაყიდოს თავისი სახლი და გაყიდოს სხვა ბინაც“, – აღნიშნა კრის ბრაინტმა.
შეგახსენებთ, 55 წლის რომან აბრამოვიჩი რუსეთის და დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების სიაშია. ის ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, თუმცა თავად აბრამოვიჩი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკაში არ ერევა.
ცნობისთვის, რუსეთის მიმარ დაწესებული სანქციების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი სანქციებს ახლა ბელარუსსაც უწესებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციები დაუწესდათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული უკრაინაში შეჭრაში. „ლუკაშენკოს რეჟიმი აქტიურად ეხმარება რუსეთს შეჭრაში. ის ეკონომიკურ შედეგებს იგრძნობს პუტინის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.