LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა

1467
59941519-2547505131960223-4284456939796037632-o

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარლოში ამ საქმეზე 4 მოსარჩელე იყო: თვითონ შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და მისი მფლობელები: შპს ტელეკომპანია საქართველო (51%-იანი წილი) და ბიზნესმენი ძმები – ლევან (22%) და გიორგი (18%) ყარამანიშვილები.

თავის მხრივ, „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების 25-25 პროცენტს ძმები ყარამანიშვილები ფლობენ, დარჩენილ 50%-ს კი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, კობა ნაყოფიას ვაჟი, ნიკოლოზ ნაყოფია.

გარდა ამისა, “რუსთავი 2”-ს ამჟამად კიდევ ერთი მფლობელი ჰყავს – 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე, თუმცა ის მოსარჩელე არ არის.

დაარსების დღიდან 2011 წლამდე „რუსთავი 2“-ის წილების არაერთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელიც დღემდე დავის საგანია. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები „საქართველო“ და ყარამანიშვილები გახდნენ.

საქართველოს სასამართლო სისტემაში ყარამანიშვილების წინააღმდეგ წარმოებული დავა დასრულდა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

 

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დაობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g