LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავიდან აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გზა გაკეთდება

120
default

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე საერთაშორისო შესყიდვის წესით ტენდერი გამოცხადდა.

რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს საგზაო მონაკვეთები აღმოსავლეთ-დასავლეთის და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო საავტომობილო დერეფნების შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს აკავშირებს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.

პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ, 4 ზოლიანი, გარე განათების სისტემით უზრუნველყოფილი ბეტონის ჩქაროსნული გზა, 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.

საგზაო მონაკვეთების მშენებლობა დაყოფილია 4 ლოტად, რაზეც გამოცხადდა ორი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან, ეტაპობრივად, 30 თვეში დასრულდება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილია 250 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.

მაგისტრალური გზის მონაკვეთების პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით, ჰოლანდიურმა კომპანიამ შეასრულა.