რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ.
მათ ადგილზე სახელმწიფო დროშები გაშალეს და აპირებენ, რომ სახელმწიფო დროშა მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში შეუგზავნონ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქტივისტები გამოხატავენ სოლიდარობას მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.
„სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ, მოვედით ეროვნული დროშებით, რომელსაც სახელმწიფო დროშის სტატუსი მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა. სოლიდარობას გამოვხატავთ მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.
პერფორმანსის დასასრულის სახით შევუგზავნით პრეზიდენტს ამ დროშას სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდების სახელით“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.