რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ცოტა ხნის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სცენაზე დასამონტაჟებელი ტექნიკის ნაწილი ტერიტორიიდან გაიტანეს.
მათ აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ აღნიშნულ ადგილზე სცენის მოწყობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ იყო მიზანშეწონილი.
„დილიდან გვქონდა ხელის შეშლის მცდელობა პოლიციის მხრიდან. გვითხრეს, რომ ამ ადგილზე ვერ გამართავთ აქციას და სხვა ადგილზე განათავსეთ სცენა. არ გვაცალეს და წაიღეს ჩვენი ტექნიკა, მონიტორები. ის ადგილი, რომელსაც გვთავაზობენ, ჩვენთვის მისაღები არ არის და იქ ხალხი ვერ დაეტევა. აქციას მაინც ჩავტარებთ”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც ნიკა მელია აცხადებს, აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხელ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.