27 და 28 მარტს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს – სამი და, ანტონ ჩეხოვის კლასიკური პიესის ახალი, ორიგინალური ინტერპრეტაცია.
სპექტაკლი წარმოდგენილია ქორეოდრამის ფორმატში – ერთ მოქმედებად, სადაც სიტყვა მოძრაობით იცვლება და დრამატურგიული ტექსტი სხეულის ენით იწყებს საუბარს.
განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს 27 მარტს დაგეგმილ პრემიერას, რადგან ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს მსოფლიო თეატრის დღეს – თარიღს, რომელიც თეატრის ხელოვნების მნიშვნელობას, მის გავლენასა და მისიას უსვამს ხაზს.
სწორედ ამ დღეს რუსთავის თეატრი მაყურებელს სთავაზობს ახალ სცენურ ექსპერიმენტს, რომელიც თანამედროვე თეატრალურ ენაზე საუბრობს. რეჟისურა და ქორეოგრაფია ეკუთვნის კოტე ფურცელაძეს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მთავარ ქორეოგრაფს. მუსიკალური გაფორმება აგებულია ალფრედ შნიტკეს კომპოზიციებზე, რაც სპექტაკლის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონს განსაკუთრებულ სიმძაფრეს ანიჭებს. სპექტაკლის ვიზუალური სამყარო შექმნილია მხატვარ გიორგი უსტიაშვილის მიერ, ხოლო კოსტიუმებზე იმუშავა ბარბარა ასლამაზმა. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორია ლიზა გაფრინდაშვილი.

ქორეოდრამა „სამი და“ კლასიკური ტექსტის ახლებურ წაკითხვას გვთავაზობს. ეს არის სცენური ენა, სადაც დუმილი, ჟესტი და მოძრაობა იმ სიღრმეებს ხსნის, რასაც სიტყვა ხშირად ვერ წვდება. ჩეხოვის გმირების შინაგანი ტრაგედია, მოლოდინი და დროის შეუქცევადობა ამ ფორმატში სხეულის დინამიკითა და რიტმით იძენს ახალ ინტენსივობას.
პრემიერა გაიმართება 27 და 28 მარტს, რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე.
