LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრი საფესტივალო გასტროლისთვის ემზადება

179
ქირიას NEWS შაბლონი (2)

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი რუმინეთში „ელვირა გოდეანუს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე“ მიემგზავრება.

რუსთავის თეატრი, ფესტივალის ფარგლებში შეკრებილი მაყურებლის წინაშე, სპექტაკლით „ფრინველები“ წარდგება, რომელიც ძველი ბერძენი დრამატურგის, არისტოფანეს ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, რუმინელმა რეჟისორმა ანტონელა კორნიჩიმ გასულ წელს რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე დადგა.

სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ქალაქ ტარგუ-ჯიუში დაგეგმილ „ელვირა გოდეანუს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე“, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ კოლექტივებსა და ხელოვანებს აერთიანებს.

ტურნეს ფარგლებში ასევე გაიმართება რუსთავის დრამატული თეატრის დირექტორის, რეჟისორისა და ასოცირებული პროფესორის, სოსო ნემსაძის მასტერკლასი თემაზე – „პოსტსაბჭოთა ქართული თეატრი და სამსახიობო ხელოვნების საფუძვლები”. საჯარო შეხვედრისას ფესტივალის მონაწილეებს და რუმინელ მსახიობებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ქართული თეატრის განვითარების პროცესებსა და თეატრალური განათლების თავისებურებებს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის დრამატული თეატრისთვის მიმდინარე სეზონი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. თეატრმა მაყურებელს ხუთი პრემიერა შესთავაზა, სეზონის დასრულებამდე კი კიდევ ორი ახალი სპექტაკლის პრემიერას გეგმავს.

ხოლო 59-ე თეატრალური სეზონი საერთაშორისო წარმატებით გახსნა.

სეზონის დასაწყისში თეატრი ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობდა, სოსო ნემსაძის სპექტაკლით „ფაბრიკის გოგოები“, რომელმაც ჟიურის გადაწყვეტილებით „საუკეთესო ანსამბლურობის“ ჯილდო მოიპოვა.

საერთაშორისო ფესტივალებსა და პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობით, რუსთავის დრამატული თეატრი აქტიურად განაგრძობს ქართული თეატრის წარმოჩენას საზღვარგარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g