რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე ჰაერის ხარისხის კვლევა მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდა, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სპეციალისტებმა რამდენიმე წერტილში ნიადაგის სინჯებიც აიღეს, აღებული სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაშია გადატანილი კვლევებისთვის.
„მობილური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები ისაზღვრებოდა. 24 საათიანი მონიტორინგის შედეგად რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა, ხოლო სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციები კი შესაბამის ნორმებს არ აღემატებოდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით რუსთავში ჰაერის სტაციონალური სადგური დაამონტაჟა, რომელიც ქალაქში ჰაერის ხარისხის ფონურ მდგომარეობას განსაზღვრავს,“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.