12 საოცარი დღე და ქვეყნის 15-მდე დასის რჩეული სპექტაკლი – რუსთავი რამდენიმე დღით თეატრალური სამყაროს ცენტრად გადაიქცევა.
ფესტივალი 1-ელ ნოემბერს თეატრის სკვერში საზეიმოდ გაიხსნა, შემდეგ კი მაყურებელმა დარბაზისკენ გადაინაცვლა.
კომედიის ფესტივალი უკვე 8 წელს ითვლის და მისი შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია, რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.
ღონისძიება პირველად რუსთავში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. წარმოდგენები ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წელს კი ქალაქი ფესტივალს მეორედ მასპინძლობს და მისი მასშტაბებიც ბევრადაა გაზრდილი.
პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია და წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი თეატრების უმრავლესობა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი თეატრის ჩართვა იგეგმება.
8 წლიანი ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. ლევან წულაძის და თემო კუპრავას „ფიგაროს ქორწინება“ მაყურებელმა თბილისური პრემიერის შემდეგ რუსთავის სცენაზე იხილა და დაუვიწყარი ემოციები მიიღო.
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
„ფიგაროს ქორწინების“ პარალელურად ცისფერ დარბაზში მაყურებელს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ხვდებოდნენ. საღამო ძალიან არტისტული და იუმორით სავსე გამოვიდა.
შემდეგ დღეებში კი მაყურებლის წინაშე – მარჯანიშვილის, ქუთაისის, თავისუფალის, თელავის, რუსთავის, ილიაუნის, მცხეთის, ერისთავის, მოზარდ მაყურებელთა, ოზურგეთის, თოჯინების და სხვა თეატრების დასები წარდგებიან.
წელს იქნება ერთი სიახლეც, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სასურველ ნაწყვეტებს წარმოადგენენ. ჟიური მათ შემოქმედებას შეაფასებს და გამარჯვებულს რუსთავის თეატრის სცენაზე სპექტაკლის დადგმის საშუალება მიეცემა. გარდა ამისა, ახალგაზრდა რეჟისორს ერთი წლის სწავლის საფასურსაც დაუფინანსებენ.
და ბოლოს, რუსთავის თეატრი წელს 55 წლის იუბილეს აღნიშნავს და კომედიის თეატრალური ფესტივალიც ამ საიუბილეო თარიღის ნაწილია.