საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი რუსთავში – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დახურული ორსართულიანი სპორტული დარბაზის მშენებლობას 1500 მაყურებელზე. სპორტული დარბაზი უნდა იყოს გამოყენებადი სპორტის სხვადასხვა სახეობებისთვის: კრივი, კალათბურთი, ხელბურთი და მინი ფეხბურთი.
შენობაში გათვალისწინებულია ყველა საჭირო სათავსოს, გასახდელების, საკონფერენციო დარბაზის, ინვენტარის შესანახი და დასასვენებელი ოთახების და სველი წერტილების მოწყობა. იქვე განთავსდება ღია კაფე, ავტოპარკინგი და სარეკრეაციო ზონა.
მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, რომელთა გასწვრივ დამონტაჟდება გარე განათების ლამპიონები, დასაჯდომი სკამები და სანაგვე ურნები. ასევე, მოხდება ტერიტორიის გამწვანება.
სპორტ-კომპლექსების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.