13-წლიანი პაუზის შემდეგ, 30 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც გაიმართება რუსუდან სებისკვერაძის სიმღერების საღამო.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი – ვახტანგ კახიძე; ნანი ბრეგვაძე; ეკა მამალაძე; ნუკრი კაპანაძე; მაია ჯაბუა; დავით ნოზაძე; ანსამბლი „შვიდკაცა“; „თეატრალურის კვარტეტი“; ანსამბლი „ალილო“; ნეკა სებისკვერაძე; ნატუკა კახიძე; გიორგი სუხიტაშვილი; ნოდიკო ტატიშვილი და მაკა ზამბახიძე, კონცერტმეისტერი ნინო გულიაშვილი;
საღამოზე შესრულდება ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერების სრულიად ახალი ვერსიები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის შეიქმნა.
დღეს, „ბრავო რეკორდსში“ ღონისძიებისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ზაზა შენგელიასა და რუსუდან სებისკვერაძესთან ერთად, ესწრებოდნენ კონცერტის მონაწილეებიც, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნოდიკო ატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე, ნინო გულიაშვილი.
როგორც „ბრავო რეკორდსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, კონცერტიდან 2-3 თვეში გამოიცემა მაცაცო სებისკვერაძის ახალი დისკი, სადაც კომპოზიციების ახალი ვერსიები შევა, რომელთა სტუდიურ ვერსიებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
რუსუდან სებისკვერაძე:
ღონისძიებაზე შესრულდება ის ძველი სიმღერები, რომელთა გარესეც მსმენელს ჩემი კონცერტი ვერ წარმოუდგენია. არის ასეთი რამდენიმე სიმღერა ჩემს რეპერტუარში, რომელიც ძალიან გახმაურებული და ცნობილია. ასევე იქნება სიმღერებიც, რომლებიც ხშირად არ გამომიტანია საზოგადოების წინაშე და სულ ახალი კომპოზიციებიც. ბევრი ახალი შემსრულებელი იქნება, რომელთაც ჩემს კონცერტში ადრე მონაწილეობა არ მიუღიათ. ყველა ძალიან მონდომებულია, გარს შესანიშნავი ადამიანები მახვევია და ვფიქრობ, კარგი კონცერტი შედგება.
ზაზა შენგელია:
რუსუდან სებისკვერაძის სიმღერებს საქართველოში ყველა მღერის. ეს პროექტი მეამაყება. ამ კონცერტზე მართლაც ვარსკვლავთცვენა იქნება. ქართულ მუსიკალურ სცენაზე საუკეთესო მომღერლები შეასრულებენ რუსუდან სებისკვერაძის სიმღერებს. პროექტის გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ ვახტანგ კახიძე დათანხმდა მასში მონაწილეობას და გაჟღერდება ცნობილი სიმღერების სრულებით ახლებური ვერსიები.
ეკა მამალაძე:
მაცაცო ჩემთვის, ჩემს შემოქმედებაში, ჩემი კარიერის დაწყებასა და გოგი დოლიძესთან ურთიერთობაში იმდენად ორგანულია, რომ არც კი ვიცი, სიტყვებით როგორ ავხსნა. გოგი და მაცაცო რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა. ტყუილად არაფერი ხდება და შემთხვევითობისაც არ მჯერა. ჩვენი დუეტის მთავარი ღერძი მაცაცო გახლდათ. ის პერიოდი მისთვის აღმავლობის პერიოდი იყო. ჩავარდნა არასდროს ჰქონია, მაგრამ იმ დროს ერთი-მეორეზე უკეთეს სიმღერებს წერდა, რომელსაც მთელი საქართველო იტაცებდა. უბედნეირესი ვიყავი, როცა ჯანო კახიძემ საშობაო კონცერტებზე გადაწყვიტა, რუსუდან სებისკვერაძის სიმღერებიც შესრულებულიყო. ამ კონცერტზე დღემდე ლაპარაკობენ, იქ შევიდა საოცარი ქართველი კომპოზიტორების, მათ შორის, მაცაცოს სიმღერებიც. მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა იყო… დაუვიწყარი საღამოები შედგა…
მინდა გაგიმხილოთ ერთი ამბავი, რომ გარკვეული პერიოდი გოგის უნდოდა, სოლოკარიერა ჰქონოდა. არ ვიცი, ახლა რომ ცოცხალი იყოს, რა იქნებოდა. ალბათ, გავიყოფოდით და ცალ-ცალკე კარიერა გვექნებოდა, მაგრამ რაღაც დროს ისევ დუეტად შევდგებოდით, უფრო დაღვინებული ორი ადამიანი, ორი ხმა შეხვდებოდა ერთმანეთს…
გიორგი სუხიტაშვილი:
55 წელი სცენაზე – ეს არის უდიდესი ბიოგრაფიის მატარებელი ქალბატონი, რომელმაც შექმნა ხარისხთან, უნაკლო შესრულებასთან ასოცირებული სიმღერები. ამ კონცერტში მონაწილეობა დიდი პატივია და ასმაგი პასუხისმგებლობაა. ეს კონცერტი ჩაიწერება და დარჩება. თავმდაბლობით, მაგრამ მაინც მაქვს იმის განცდა, რომ ეს ჩანაწერებიც დარჩება და მრავალი წლის შემდეგ მათი მოსმენა ადამიანებს ესიამოვნებათ.
ნოდიკო ტატიშვილი:
რამდენიმე წელის წინ ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა. მაცაცო სებისკვერაძე მირეკავდა… მითხრა, რომ რატი ამაღლობელის ლექსზე სიმღერა დამიწერა. ამას ვერც წარმოვიდგენდი. მას შემდეგ ჩვენ შემოქმედებითი თანამშრომლობაც გვაკავშირებს და მიმაჩნია, რომ ის ჩემი უფროსი მეგობარია. როგორი ამბავია, როცა ასეთი სახალხო კომპოზიტორი ხარ. ეს ერთეულების ხვედრია. კონცერტზე შევასრულებ ჩემთვის დაწერილ სიმღერას და ასევე მის მიერ 30-35 წლის წინ შექმნილ კომპოზიციას, ახალი ვერსიით.
შეგახსენებთ, რომ მაცაცო სებისკვერაძის საღამო 30 ნოემბერს არის დაგეგმილი. ღონისძიების ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge.
შემოქმედებითი საღამოს მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, წინანდლის ფესტივალი, „ნაბეღლავი“, რადიო „ფორტუნა“, „პირველი არხი“, „მთავარი არხი“, „ტევეპირველი“.