LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 ქართული კომპანია მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში – Gulfood 2024 მონაწილეობს

536
12

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, დუბაიში მიმდინარე საკვებისა და სასმლის საერთაშორისო გამოფენაში 26 ქართული კომპანია მონაწილეობს.

Gulfood 2024-ზე ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების პროდუქცია წარმოდგენილია ორ თემატურ პავილიონში, რომლებიც ჯამურად 200 კვ.მ. მოიცავს. წელს უპრეცედენტოა, როგორც გამოფენის ვიზიტორების, ისე ქართული პავილიონის სტუმრების რაოდენობაც – საერთაშორისო შემსყიდველები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ქართული პროდუქციის მიმართ.

„საკვებისა და სასმლის მწარმოებელი 26 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი დუბაიში, სექტორის უმსხვილეს გამოფენაზე. შევცვალეთ ქართული პავილიონის დიზაინიც, რომ ის უფრო თანამედროვე ყოფილიყო და მორგებოდა სპარსეთის ყურის ქვეყნების სტილს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს აქვთ საშუალება შეხვდნენ საკვებისა და სასმლის სექტორის უმსხვილეს შემსყიდველებს. ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც საზოგადოებასთან ერთად შევაჯამებთ“, – აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ პროდუქტებს: გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, წვენები, თხილი და თხილის პროდუქტები, ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, კაკალი, ნუში, ხორცპროდუქტები, ყველი, ზღვის პროდუქტები, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები, ლიმონათი და სხვა.

კომპანიებმა, Gulfood 2024-ის ფარგლებში, B2B შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირების და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები