LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, თბილისში, საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა

486
სააგენტო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით თბილისში გამართულ საქართველო-საუდის არაბეთის საინვესტიციო ბიზნესფორუმზე, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

„დღევანდელი მონაცემებით, საუდის არაბეთიდან განხორციელებული ინვესტიციების წილი ჩვენ ქვეყანაში 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ისეთი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საუდის არაბეთია, დაბალი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ ვატარებთ ძალიან მსხვილ და დივერსიფიცირებულ ბიზნესფორუმს, რომელზეც ვმასპინძლობთ 100-ზე მეტი საუდური კომპანიის წარმომადგენლებს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ფორუმი, საქართველოში საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის ვიზიტი საუდელ ბიზნესმენებთან ერთად, საფუძველს ჩაუყრის საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სამომავლო ურთიერთობების განვითარებას. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს საქართველოსადმი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოდიან ინვესტორები, მოგეხსენებათ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და მუშავდება რამდენიმე მსხვილი პროექტი. ახლა კი ვფიქრობთ, რომ საუდელი ინვესტორებიც დაინტერესდებიან საქართველოთი. ძირითადი სექტორები, რაშიც საუდელი ბიზნესმენები დებენ ინვესტიციებს, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს ემთხვევა. ეს არის: უძრავი ქონება, სტუმარმასპინძლობის სექტორი, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. სწორედ ამ სექტორების წარმოჩენა, მათი უპირატესობების ჩვენება და კონკრეტული შეთავაზებების წარდგენა მოვახდინეთ საუდელი ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას გაიმართა პანელური დისკუსიები ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.

ბიზნესფორუმის ბოლოს გაიმართა ინტერაქციული სესია ქართველ და არაბ ბიზნესმენებს შორის, სადაც მათ საშუალება მიეცათ კავშირები დაემყარებინათ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.