მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება ნებისმიერ დროს მშვიდად შეუძლია და იმის მიუხედავად, რომ მის წინააღმდეგ ქვეყანაში საქმეა აღძრული,“ხელს ვერავინ ახლებს“ – ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა ტელეკომპანიას 112 Украина განუცხადა.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მას მომხრეები, ჯარისკაცები და სამართალდამცველები დაიცავენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ აღძრა საქმე ჩემს წინააღმდეგ, თუმცა ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში გაიმართა მიტინგი, სადაც 70 ათასი ადამიანი იყო, რაც ძალიან დიდი რიცხვია. ეს კი ნიშნავს, რომ თითსაც ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი პოლიცია და შეიარაღებული ძალები ჩვენს მხარეს არიან, ანუ – სახელმწიფოებრიობისა და კანონიერების მხარეს,“ – ამბობს სააკაშვილი.
ამასთან, ოდესის გუბერნატორის თქმით, საქართველოში მხოლოდ იმიტომ არ ჩამოვიდა, რომ ძალადობრივი ქმედებები აერიდებინა თავიდან. სააკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ საქათველოში ჩამოვა, თუმცა ეს მისი დაბრუნება არ იქნება, რადგან მუშაობა უკრაინაში უნდა გააგრძელოს.