LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე, ხაზარაძე… რატომ ვერ მთავრდება შავი ჯიპების ეპოქა

224
FORTUNA.GE (8)

დღეს საქართველოს კიდევ ერთი პრემიერობის კანდიდატი წარუდგინეს. „ლელოს“ კანდიდატი მამუკა ხაზარაძეა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი გუნდის მთავარი მიზანი საქართველოში ძლიერი საშუალო ფენის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანაა.

რას გავაკეთებთ პირველად? სვამს კითხვას ხაზარაძე და იქვე ვკითხულობთ ჩამონათვალს, რომ აუცილებლად გამყარდება ლარი, ბიზნესს შეექმნება მუშაობისთვის იდეალური გარემო, აუცილებლად აშენდება ანაკლიის პორტი და მთავარი დაპირება ჯიპებს ეხება.

„მინდა განვაცხადო, რომ როგორც კი ჩვენ მოვალთ, შავი ჯიპების ეპოქა დამთავრდება”, – გვპირდება ხაზარაძე.

ამ დაპირებაზე ალბათ ბევრს გაეღიმება, რადგან ის პირველი არაა, ვინც იგივე დაპირება გასცა.

2018 წელს პრემიერი კვირიკაშვილი ამბობდა:

„ვფიქრობ, დროა, საქართველოში შავი ჯიპების ეპოქა დავასრულოთ, რადგან ეს ყველას აღიზიანებს და არ დაგიმალავთ, მეც, მათ შორის. ეს არის გარკვეულად დამკვიდრებული პრაქტიკა და ვფიქრობ, როდესაც საუბარი იქნება ავტოპარკის შეცვლაზე, ჩვენ ამ შავ ფერზე უარი უნდა ვთქვათ“. 

კვირიკაშვილის ნათქვამი, რა თქმა უნდა, არ შესრულდა.

ჯიპების თემა აქტუალური იყო მამუკა ბახტაძისთვისაც. მან გადაწყვიტა სამთავრობო ავტოპარკის სასიკეთოდ შეცვლა. მან დატოვა გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ ინიციატივა, რომლითაც სამთავრობო უწყებებში შავი ჯიპები ეკოლოგიურად სუფთა და ნაკლებდანახარჯიანი ავტომობილებით უნდა ჩანაცვლებულიყო. ინიციატივის მიხედვით ავტომანქანები ეკოლოგიურად სუფთა უნდა გამხდარიყო.
თუმცა ინიციატივა ინიციატივად დარჩა.

ჩვენ შეგვიძლია, უფრო შორს წავიდეთ და გავიხსენოთ ხელისუფლებაში ახალმოსული მიხეილ სააკაშვილის დაპირება, როდესაც ის ამბობდა, რომ მისი არც ერთი მინისტრი არ ჩაჯდებოდა ჯიპში.

სააკაშვილის ნათქვამი, რასაკვირველია, მალე თავადაც დაავიწყდა.
შეგვიძლია გავიხსენოთ სააკაშვილის დაპირება, რომ მისი მინისტრები ისევე მოკრძალებულად იცხოვრებდნენ, როგორც მინისტრობამდე და არ გადავიდოდნენ ახალ, ბევრად კეთილმოწყობილ სახლებში. შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ, რომ საზღვარგარეთ ისიც ჩვეულებრივი სამგზავრო ავიარეისით ისარგებლებდა და ერთ შემთხვევაში მართლაც ასე მოხდა, თუმცა შემდეგ უკვე…

 

რა თქმა უნდა, ყველა გვპირდება, რომ მათი მმართველობის პერიოდში ხალხზე ზრუნვა იქნება პრიორიტეტი.

და ჩვენც ვიჯერებთ, უფრო სწორედ, იძულებული ვართ, დავიჯეროთ. და შეუძლებელიც არაფერია, მსოფლიოს ახსოვს პატრიარქები, რომლებიც ტროლეიბუსით გადაადგილდებოდნენ.

სერბების პატრიარქი ირინეოსი

 

ახსოვთ პრეზიდენტები, რომლებიც მეტროთი მიდიან სამსახურში და რა გასაკვირია, რომ ცოტნე დადიანის სამშობლოში მართლაც მოვიდეს ლიდერი, რომელიც ფეშენებელურ მანქანაზე უარს იტყვის.

სამსახურში მიმავალი ავსტრიის პრეზიდენტი  ალექსანდერ ვან დერ ბელენი.

 

არ ვოცნებობთ, უბრალოდ გვინდა, სურვილები ხანდახან მაინც სრულდებოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები