მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე. რომელსაც პუტინი უსრულებს იმას, რაც ვერ შეუსრულა ზელენსკის. იმიტომ რომ უკრაინა იმარჯვებს, – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.
„ის, რაც ხდება უკრაინაში ერთი ერთზე ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში. რამდენიმე თვით ადრე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე პრეზიდენტ ზელენსკის ადგილობრივი ოლიგარქები უწყობდნენ გამოსვლებს, უწყობდნენ აჯანყენას და იწვევდნენ პოლიციას შეტაკებებზე. ეს კარგად დოკუმენტირებული ფაქტია.
კანონიერ ქურდებს იყენებდნენ ზუსტად ისე, როგორც საქართველოში შვიდი ნოემბრის წინ იყენებდნენ. ასე რომ აიღეთ ყველაფერი რაც ხდება აქ და რაც ხდება უკრაინაში, მათ შორის ეს სასამართლო საქმე, ეს არის სუფთა რუსული ისტორია.
ეს არის სუფთა რუსული ჰიბრუდული ოპერაციის გაგრძელება.
მე აქ ვარ პუტინის პირადი ტყვე, რომელსაც პუტინი უსრულებს იმას, რაც ვერ შეუსრულა ზელენსკის, იმიტომ რომ უკრაინა იმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.