საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ექსპერტების დასკვნა, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ყოფნა იმდენი წლით მოუწევს რამდენიც მისჯილი აქვს.
ამ განცხადებით, ღუდუშაური სააკაშვილთან ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დაშვებას გამოეხმაურა და ასევე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ოჯახის შეთავაზებაზეც, რომ თუ ხელისუფლება მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებს არ ენდობა, დაუშვან ექიმთა ის ჯგუფი, ვის მიმართაც ნდობა აქვთ:
“ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, ფუჭად ჩაივლის. ამიტომ ამისთვის დროს და ენერგიას ფუჭად ხარჯავენ. მათ რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს უთხრან, გააგრძელოს ყველანაირი საკვების მიღება და დაემორჩილოს კანონმდებლობას, ეს მისთვისვე უკეთესი იქნება.
ამიტომ ნებისმიერი მიკერძოებული პირის, “ემპათია” იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე ვერ დაიძლევა კანონმდებლობის მოთხოვნა, შესაბამისად, სააკაშვილს მოუწევს იმდენი წლით ქართულ ციხეში ყოფნა, რამდენიც აქვს მისჯილი. როგორიც უნდა იყოს და ვისი დასკვნაც უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სისტემა.
საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, კარგად ახსოვს ქართველ ხალხს ციხეებში დატრიალებული “ბართლომეს ღამეები”, როგორ უწყობდნენ მოსახლეობას ჯოჯოხეთს.
შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა. სააკაშვილმა უნდა გააგრძელოს ციხეში კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა. ამიტომ სხვაგვარი დამოკიდებულება აქ ვერ და არ იქნება. სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ ქართული მართლმსაჯულება აღსრულდა მის თავზე, ეს არის სამართლიანი, ობიექტური რეალობა, რაც მალე შეეგუებიან ამას, უკეთესი იქნება მისთვის და ოჯახისთვის”, – თქვა ღუდუშაურმა.