ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
გიორგაძემ ამის შესახებ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში მათი თითოეული შესვლა პაციენტის თანხმობით ხდება და თავად პაციენტი ირჩევს და აძლევს თანხმობას – მასთან ვინ და როდის იმუშაოს:
“დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. როგორც პაციენტი, ასევე ყველა ექიმი კმაყოფილები ვართ.
დღეს დამატებით კალორაჟი და კვება უფრო გაფართოებული იყო. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი ყოველდღე კეთდება, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა, ცილამაც უკვე ნელნელა დაიწყო მოწესრიგება.
ხვალიდან უკვე დაკვირვების სტადიაში გადავდივართ, ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტს, ეს ალბათ ორშაბათამდე გაგრძელდება, შემდეგ უკვე სულ სხვა კვებაზე გადავალთ. თვითონ თავს გრძნობს უკეთესად. ნურავის გაგიკვირდებათ, რომ სისუსტე რჩება, თუმცა, ისეთი არ არის, როგორიც შაბათს იყო.
სისუსტე რჩება 50 დღე, როდესაც შიმშილობს ადამიანი. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ამიტომ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს. ყოველდღე მოგაწვდით ინფორმაციას, რა მომეწონება და რა არა. თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით – პაციენტი თვითონ ირჩევს და თვითონ გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშაოს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება მოთხოვა – მინდა, ვნახო ეს ადამიანი – მაშინვე გამოძახებული იქნება.” – აცხადებს კონსილიუმის წევრი.
შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50-დღის განმავლობაში შიმშილობდა.
19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს.