საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გამო უკრაინიდან ელჩის გამოძახება არ იკმარეს და ახლა საპროტესტო ნოტაც გააგზავნეს.
უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უკვე შეხვდა.
"სააკაშვილი უკრაინაში ისევ პოპულარულია... თუ დაადებს თავს და ჩამოვა, დაიჭერენ"
"ის თავისი დაუცხრომელი ხასიათით და ჟინით იწვევს ინტერესს გარკვეული ძალების მხრიდან".
საგარეო უწყების ცნობით, „საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო“.
დღესვე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრაც გაიმართა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.
უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის თემაზე უკვე მეორედ დაიბარეს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 9 ივლისს ვიდეომიმართვაში თქვა: „მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. არ ვცნობ არცერთი წამით მის კანონიერებას და არ ვცნობ არცერთი წამით კანონიერებას ამ სიტუაციის, რომელშიც არის საქართველოში”. სააკაშვილმა დაამატა, რომ მისი ბრძოლა იქნება გადამწყვეტი. „ მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე”, – აცხადებს სააკაშვილი.