კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პარტია „ახალი ძალების“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები, ოქტომბრის სასახლეში შესვლას ეცადნენ.
სასახლეს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები იცავდნენ, თუმცა აქტივისტებმა მასში შეღწევა ნაწილობრივ მოახერხეს.
სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რის გამოც, როგორც უკრაინული სააგენტოები იუწყებიან, რამდენიმე სამართალდამცავი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლოს აქციის მონაწილეებს უკან დახევისკენ მიხეილ სააკაშვილმა, მიკროფონის მეშვეობით მოუწოდა.
აღსანიშნავია, რომ დარბაზში სადაც აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, ჟაზ-კონცერტი მიმდინარეობდა.
სააკაშვილის მხარდამჭერები, ამ დრომდე ქუჩაში რჩებიან.
როგორც ცნობილია აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი აქციაზე მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფება.
ეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ კიევში პირველი დემონსტრაციაა.